„Just Taxi“ ახალი 2016 წლის მოდელით HONDA CITY -ით ისარგებლებს

„Just Taxi“ ახალი 2016 წლის მოდელით HONDA CITY -ით ისარგებლებს

თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებლების კომფორტისთვის დღეიდან ახალი პროექტი „Just Taxi“ ამოქმედდა. იუსტიციის სახლის შენობიდან გამოსულ ყველა მომხმარებელს ამიერიდან საშუალება ექნება, ახალი და კომფორტული „Just Taxi“-ს ავტომანქანებით ისარგებლოს: „HONDA“-სა და „JAC“-ის მარკის უახლესი მოდელებს აქვთ კლიმატკონტროლის სისტემა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „Just Taxi“-ში ანგარიშსწორება შესაძლებელია
საბანკო ტერმინალის საშუალებით. შესაბამისად, მოქალაქეს საშუალება აქვს, აირჩიოს გადახდის სასურველი ფორმა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების სახით. რაც შეეხება მგზავრობის ტარიფს, იგი საბაზრო ფასებს შორი კონკურენტუნარიანია − კილომეტრზე 50 თეთრს შეადგენს და მგზავრობისას არავითარ დამატებით გადასახადს არ ითვალისწინებს, 4 კილომეტრის ჩავთვლით მანძილზე მგზავრობის შემთხვევაში კი, ფასი ფიქსირებულია − მხოლოდ 2 ლარი.

იუსტიციის სახლმა მომხმარებლისთვის „Just Taxi“-ს სერვისის დანერგვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მომხმარებელთა მხრიდან იუსტიციის სახლიდან კომფორტულად მგზავრობის მოთხოვნამ მკვეთრად იმატა. აღნიშნული პროექტის პარტნიორის შესარჩევად კანონის სრული დაცვით გამოცხადდა აუქციონი, რომელშიც პროექტის პარტნიორად შპს „სენა მოტორსი“ გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მომსახურების სტანდარტი „Just Taxi“-ს ავტომანქანებშიც დაცული იქნება: მძღოლებს მოეთხოვებათ, დაიცვან ჩაცმისა და კომუნიკაციის სტანდარტით დადგენილი წესები. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სახლი მუდმივად განახორციელებს ხარისხის კონტროლს „Just Taxi“-ს ავტომანქანებში, მომხმარებელსაც მიეცემა უკუკავშირის საშუალება, გამოთქვას რეკომენდაცია ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამისთვის თითოეულ მანქანაში განთავსდება სპეციალური სტიკერი იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრის ნომრით − 2 405 405. მანქანაში, ასევე, განთავსებული იქნება მძღოლის მოწმობა ფოტოთი და მანქანის ბორტის ნომერი, რაც მომხმარებელს აზრის დაფიქსირებისას
კომუნიკაციას გაუადვილებს.იუსტიციის სახლის მომხმარებელს „Just Taxi“-ს მომსახურების მიღება შეეძლება ყოველ სამუშაო დღეს,
09:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას − 10:00-დან 17:00 საათამდე.